„You got no choice ,anyway. I mean, we’re all fucked. More or less, you know? " - ტაქსის მძღოლის რეცენზია

 

            26 წლის ვიეტნამის ომის ვეტერანი,ტრევის ბიკლი გადაწყვეტს ღამის ტაქსიზე მუშაობას,რადგან მას უძილობა აწუხებს.იგი ახლოდან აკვირდება ნიუ-იორკის გარემოს,თუ როგორი დაბინძურებულია.სხვადასხვა ტიპის ადამიანებს,რომლებსაც ის ხშირად ხედავს ქუჩებში:ნარკომანებს,მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს და უსახლკაროებს,ტრევისი მოიხსენიებს,როგორც ნაგავსა და ჭუჭყს,რომელსაც ერთხელაც იქნება და ნამდვილი წვიმა გადარეცხავს ქალაქის ქუჩებიდან.იგი წამლებს იღებს,რათა ფხიზლად იყო,მაგრამ სინამდვილეში,როგორი დაღლილიც არ უნდა იყოს,ის მაინც ვერ იძინებს.ასევე ხშირი სტუმარია პორნოგრაფიული კინოთეატრებისა.მის ბნელ ყოველდღიურობაში კაშკაშა სხივივით გამოჩნდება ახალგაზრდა ქალი,სახელად ბეტსი,რომელიც მუშაობს საპრეზიდენტო კანდიდატის,ჩარლს პალანტაინის,საარჩევნო კამპანიაზე.ტრევისი მას თავისი მანქანიდან აკვირდება.ერთ დღესაც მოიკრებს სიმამაცეს და მიდის ბეტსისთან და პატიჟებს კაფეში.ბეტსის მოსწონს ტრევისის უცნაურობა.თუმცა მათი ურთიერთობა მალევე წყდება,როცა ტრევისი მას წაიყვანს პორნოგრაფიულ ფილმზე,რის შემდეგაც ბეტსი ეუბნება: „ჩვენ უბრალოდ ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ“. ტრევისი გაურკვევლობაშია.იგი შემდეგი დღეები ურეკავს,მოუბოდიშებს,მაგრამ ბეტსის აღარ უნდა მასთან შეხვედრა.ერთ დღესაც ტრევისი მიდის ახალგაზრდა ქალთან სამსახურში და პირდაპირ ეუბნება ფრაზას,რომელიც გამოხატავს მის იმედგაცრუებას თავად ბეტსისა და მთლიანად საზოგადოებაში: „შენც ყველა დანარჩენისნაირი ხარ“.ამავდროულად ტრევისი თავისი ტაქსაობის განმავლობაში რამდენჯერმე ხედავს არასრულწლოვან გოგონას,რომელიც დაკავებულია პროსტიტუციით.ერთხელ გოგონა მას ჩაუჯდა მანქანაში და სთხოვა,რომ მოეშორებინა იქაურობას,რაზეც არაფრით უპასუხა ტრევისმა.გოგონა სუტენიორმა ამოიყვანა მანქანიდან და ტრევისს დაკუჭული 20 დოლარიანი მიუგდო,რაც ჩვენმა გმირმა შეინახა და ყოველ ჯერზე,როცა ამ ბანკნოტს უყურებს,პატარა გოგონა ახსენდება.საბოლოოდ მას ყველაფერი ყელში ამოუვიდა.ტრევისი გადაწყვეტს სისტემისა და საზოგადოების წინააღმდეგ ამბოხს,რაც სიმბოლურად გამოხატულია მისი შეცვლილი ვარცხნილობით,მოჰავკით,რომელიც ნონკონმოფორმიზმის უნივერსალური ნიშანია.

            ბრაიან დე პალმამ გააცნო მარტინ სკორსეზეს პოლ შრედერი,ვინც დაწერა ფილმის სცენარი.თავად სკორსეზე ამბობს,რომ სცენარი და მთავარი გმირის გრძნობები,მარტოობა,საზოგადოებიდან გარიყულობა,ახლოს იყო მასთან,რის გამოც ის თვლის,რომ „ტაქსის მძღოლი“ უფრო პირადული ფილმია მისთვის.როგორც თავად ამბობს,არ ფიქრობდა თუ ვინმე მოინდომებდა მის ყურებას მას,მაგრამ აუცილებლად უნდა შეექმნა ეს ფილმი. „ტაქსის მძღოლი“,თუ აღნიშნულ პერიოდს გავითვალისწინებთ,განსხვავდებოდა იმ დროს პოპულარული ჰოლივუდური ფილმებისაგან. „ტაქსის მძღოლი“ იყო ნომინირებული ოსკარზე 1977 წელს,იმავე წელს,როგორც „როკი“,რომელმაც მოიგო ჯილდო.თანაც უნდა გავითვალისწინოთ რომ ფილმის მთავარი გმირი ვიეტნამის ომის ვეტერანია.ამერიკელებისთვის ეს ჯერ კიდევ ახალი ტრამვა იყო,რამაც განსაკუთრებით იმოქმედა მაყურებელზე.ფილმზე მომუშავე ხალხის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა წარმოუდგენელი სურათი.სინემატოგრაფისტი მაიკლ ჩაპმანი განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ,როდესაც ამ ფილმზე ვსაუბრობთ.მისი კადრები,კამერის რაკურსები და ფერების სიუხვე აღმაფრთოვანებელია.ღამის ნიუ-იორკის გამოსახვის უძლიერეს მაგალითს ვხვდებით ფილმში.ასევე,პირადად ჩემთვის,განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა მანქანის სარკეში გადაღებულმა კადრებმა.ეს ფილმი,ვიზუალუირ თვალსაზრისით,ხელოვნების ნიმუშია.ამ ყველაფერთან იდეალურადაა შეხამებული ბერნარდ ჰერმანის მიერ დაწერილი საუნდტრეკი,რომელიც მის სიცოცხლეში უკანასკნელი აღმოჩნდა.იგი 1975 წელს გარდაიცვალა.საქსაფონზე შესრულებული წყნარი მელოდია ამშვენებს ფილმს,როდესაც ვტკბებით ღამის ნიუ-იორკით.







მსახიობების გარეშე ფილმი არაფერს წარმოადგენს,რადგან ისინი გამოსახავენ ამ სახეებს,პერსონაჟებს. „ტაქსის მძღოლის“ შემადგენლობა ძალიან ძლიერია და თითეული მათგანი უბადლოდ ასრულებს თავიანთ საქმეს.საინტერესოა,რომ თავდაპირველად ტრევისის როლი სკორსეზემ შესთავაზა დასტინ ჰოფმანს,რომელმაც რეჟისორს შეშლილი უწოდა.ეს ფაქტიც ხაზს უსვამს ფილმის სიუჟეტი არაორდინარულობას.შემდეგ კი რეჟისორმა ტრევისის როლზე რობერტ დე ნიროს შესთავაზა,რომელსაც სკორსეზესთან უკვე უმუშავია მის წინა ფილმზე „Mean Streets”.ბობი გამოსახავს კაცს,რომელმაც ომი გამოიარა,რისგანაც ნათლად ჩანს,რომ ფსიქოლოგიური ტრამვა აქვს დარჩენილი,რაც არის მისი უძილობის მიზეზი.დე ნიროს პერფორმანსის სიძლიერე ჩანს პატარა მომენტებში.ეპიზოდები,როდესაც დე ნირო არაფერს ამბობს,უბრალოდ იყურება და ამ მზერით გეუბნება ყველაფერს,რაც კი გჭირდება,რომ იცოდე.მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გამორჩევაც,რომ ტრევისს დაკარგული აქვს ნორმალური კომუნიკაციის უნარები,რაც მის დიალოგებში ჩანს,რასაც ოსტატურად ასრულებს ბობი.

ასევე უნდა აღვნიშნო ჯოდი ფოსტერისა და ჰარვი კიტელის როლები ამ ფილმში.ფოსტერი ასახავს 12 წლის პროსტიტუციით დაკავებულ გოგონას,აირისს,რომელიც თავს გაყვარებს ბავშვურობით,რადგანაც ის რეალურად ბავშვია.ჰარვი კიტელი კი ასრულებს სუტენიორის როლს,რომელსაც მიმართავენ სახელით „Sport”.ჩემი ხედვით,ეს პერსონაჟი და თავად კიტელის პერფორმანსი ძალიან მნიშნველოვანია ფილმში.ერთადერთ სცენაში,რომელიც არ არის მოყოლილი ტრევისის გადმოსახედიდან,სწორედ ის და აირისია.როდესაც ისინი ცეკვავენ და იგი გოგონას გულთან მიიკრავს,თითქოს მას მართლა განსაკუთრებით უყვარს აირისი,სინამდვილეში კი ეს დიდი ტყუილია.ამ ეპიზოდს,კონტექსტის გარეშე,რომ უყუროთ,გეგონებათ მამა–შვილს შორის თბილი და საყვარელი მომენტია.რეალურად  ეს სუტენიორი სახეა იმ ბოროტებისა,რისი აღმოფხვრა სწადია ტრევისს.

           ფილმში ძირითადი ამბის თხრობა ხდება ტრევისის პერსპექტივიდან.ის დღიურში იწერს თავის აზრებსა,გულისტკივილსა და საზოგადოებით უკმაყოფილებას.ამით იგი ჰგავს ჰერმან ჰესეს ჰარი ჰალერს,რომელიც ასევე იტანჯება მარტოობით,ეგზისტენციალური კრიზისით,რასაც გამოსახავს თავის დღიურში.ტრევის ბიკლი გახდა მაყურებლისთვის ძალიან ახლო პერსონაჟი,რადგან ბევრი მათგანი განიცდიდა და განიცდის იმავე გრძნობებს:მარტოობას,სიყვარულის არარსებობას,საზოგადოებისგან გარიყულობას.გარდა ამისა,ფილმში მცირე დეტალით,რომ ტრევისი ვიეტნამის ომის ვეტერანია,ნათლადაა წარმოჩენილი ომის სისასტიკე.თუ რას უშვება იგი ადამიანს და როგორ ანადგურებს მის ფსიქიკას და ზოგადად ცხოვრებას.ამით აიხსნება ტრევისის სისტემის წინააღმდეგ ამბოხი,ჩარლს პალანტაინის მკვლელობის სურვილი.ისინი არ ფიქრობენ ხალხზე.პოლიტიკოსებს სინამდვილეში არ აინტერესებთ როგორ იტანჯებიან ადამიანები,მათ მხოლოდ ძალაუფლება უნდათ. ფილმში ასევე გამოხატულია ის რეალობა,რომელშიც ხალხი ცხოვრობს ამერიკაში.ერთფეროვნება,ყოველდღიურობა,რომელიც შინაგანად კლავს ადამიანსა და მის პიროვნულობას.ერთ-ერთი პერსონაჟი ზედმეტსახელით,Wizard–ი, როდესაც ტრევისი მიდის მასთან და ეუბნება,რომ ძალიან ცუდი აზრები უტრიალებს თავში და დახმარება სჭირდება,მნიშვნელოვან ფრაზას ამბობს,რომელიც ამ ფილმის პერსონაჟების და ხალხის სულიერ მდგომარეობასა და უძლურებას გამოხატავს: „You got no choice,anyway.I mean, we’re all fucked. More or  less, you know?”

ტრევისის საბოლოო გადაწყვეტილება მსაგავსია დოსტოევსკის როდიონ რასკოლნიკოვისა,როდესაც ახალგაზრდა სტუდენტი კლავს პროცენტშიცა ალიონა ივანოვნას,რათა ამით სამართლიანობა აღადგინოს საზოგადოებაში.აიღოს ის სიმდიდრე,რაც მოხუც ქალბატონს აქვს და მისცეს მათ,ვისაც სჭირდება.ტრევისიც ასე ჩანს, ის თავის ხელში იღებს კანონს,რადგან საკანონმდებლო ორგანოები,პოლიცია არაფერს აკეთებს.თითქოს ის საზოგადეობას მაღლიდან უყურებს და აფასებს მათ არარაობას.ამიტომ კლავს სუტენიორს,კლიენტსა და კაცს,რომელიც ოთახებისთვის ფულს იღებს.ამით იგი ამორალურ საზოგადოებას,თავისი წარმოდგენით, ათავისუფლებს ბოროტებისა და უსამართლობისგან.

ვისაც არ უნახავს ეს საკულტო ფილმი,რომელიც ბევრი მსახიობისა და რეჟისორის საყვარელია,მაგალითად დიკაპრიოსა და ტარანტინოსი,უდიდეს რეკომენდაციას ვუწევ.თუ გსურთ ადამიანის ეგზისტენციალური კრიზისის,უძლურებისა და ამბოხის ამბავი იხილოთ,აუცილებლად უნდა უყუროთ „ტაქსის მძღოლს“,რეკომენდებულია არა ერთხელ,რათა ჩასწვდეთ მის დედააზრს.










Comments